რატომ ხმაურობს ჩემი Samsung-ის მაცივარი

ბოლო განახლების თარიღი : 23-12-2024

მაცივრის მუშაობის პროცესში შესაძლოა ისმოდეს სხვადასხვა ხმები და ხმაური. გუგუნის და ზუზუნის ხმები — ეს მაცივრის კომპრესორის მუშაობის ნორმალური ხმებია. კომპრესორის მაქსიმალური სიჩქარით მუშაობისას შესაძლოა ხმა უფრო გაძლიერდეს. მას შემდეგ, რაც მაცივრის კამერებში ტემპერატურა მითითებულ დონეს მიაღწევს, კომპრესორი უფრო დაბალი სიჩქარით დაიწყებს მუშაობას და ხმაურიც შემცირდება.

თუ მაცივრის მუშაობის დროს შეამჩნევ მონოტონურ ხმაურს, რომელსაც თან არ ერთვის კომპრესორი კაკუნი, მაცივრის ჟღრიალის ან ზრიალი, თუმცა ხმა ძალიან მაღალი გეჩვენება, შეასრულე ამ სტატიაში ქვემოთ მოცემული რამდენიმე მითითება. 

მაცივრის ხმაური

როგორ გავზომო მაცივრიდან გამომავალი ხმაური

იმაში დასარწმუნებლად, რომ მაცივარი ნამდვილად ძლიერ ხმაურობს, შეგიძლია გაზომო ხმაურის დონე. თუმცა, ზუსტი მონაცემების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ხმაურის დონის პროფესიონალური მოწყობილობით გაზომვის შემთხვევაში. თუ ხმაურის გასაზომად გაჯეტს ან სმარტფონს იყენებ, მხოლოდ მიახლოებით მონაცემებს მიიღებ.

სანიტარული წესებისა და ნორმების მიხედვით, მაცივრის ხმაურის დასაშვები დონე არის 46 დბ (დეციბელი), რაც ორი ადამიანის ჩვეულებრივი საუბრის დონეს შეესაბამება.

მაცივრის მომხმარებლის სახელმძღვანელოს მიხედვით, Samsung-ის მაცივრის მუშაობის დროს ხმაურის საშუალო დონე დაახლოებით 35-39 დბ-ს შეადგენს.

შენიშვნა:  

სპეციფიკაციებსა და ინსტრუქციებში მითითებული ხმაურის დონე გაზომილია ლაბორატორიულ პირობებში, პროფესიონალური ხელსაწყოების გამოყენებით. თუ სხვადასხვა გარე ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, სახლის პირობებში ხმაური უფრო მაღალი იქნება.

მაცივრის ხმაურის დონის გაზომვისას საჭიროა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: 

  1. შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ხმაურის სხვა წყაროები (რადიო, ტელევიზორი, გაღებული ფანჯარა და სხვა);
  2. გაზომვა უნდა განხორციელდეს იატაკიდან 1მ სიმაღლეზე და მაცივრიდან 1მ დაშორებით;
  3. გაზომვის ხანგრძლივობა - არანაკლებ 60 წამი;
  4. გაზომვის დროს მაცივარი უნდა მუშაობდეს ნორმალურ რეჟიმში (გააქტივებული არ უნდა იყოს რეჟიმები „Power Freeze“ და „Power Cool“);
  5. გაზომვა უნდა მოხდეს კომპრესორის მუშაობის დადგენილ რეჟიმში, მისი ჩართვიდან 5-10 წუთის შემდეგ.

რატომ ხმაურობს მაცივრის კომპრესორი

თუ კომპრესორი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, მაცივრიდან გამომავალი ხმაური უფრო ძლიერდება. ხმაურის ასეთი მომატების მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი:

  • თუ მაცივარი ახალია, საწყის პერიოდში, ჩართვის შემდეგ, კომპრესორმა შეიძლება ხანგრძლივად, უწყვეტად იმუშაოს მაღალ სიჩქარეზე. დაახლოებით ათი დღის შემდეგ, მაცივრის მუშაობისას ხმაური მნიშვნელოვნად მცირდება.
  • მაცივარი დგას არათანაბრად. მაგალითად, დახრილია მარჯვნივ ან მარცხნივ. ეს იწვევს კომპრესორის არასწორ მუშაობას.
  • თავისუფალი სივრცის არარსებობა მაცივრის გარშემო. აუცილებელია, რომ მოწყობილობის გვერდებზე, ზემოთ და უკან არსებობდეს თავისუფალი სივრცე, სხვაგვარად ეს გამოწვევს კომპრესორზე დატვირთვის გაზრდას და მის გადახურებას.
  • დაბალი/არასტაბილური ძაბვა ელექტროქსელში და მაცივრის ჩართვა დამაგრძელებლის/გადამყვანების საშუალებით.
  • ელექტროენერგიის ხშირი გამორთვა. ჩართვის შემდეგ კომპრესორი სრული სიმძლავრით მუშაობს, რათა მაცივრის ტემპერატურამ სწრაფად მიაღწიოს დაყენებულ მაჩვენებელს. 
  • მაცივარი დგას ცარიელ ოთახში ან სივრცეში, სადაც ავეჯი მცირე რაოდენობითაა.
  • მაცივარი დგას საცხოვრებელ ოთახში, ამიტომ მისი მუშაობის ხმა უფრო მეტად ისმის.
  • მაცივარი არ არის დაკავშირებული წყალთან (ან კოლბაში/რეზერვუარში არ არის წყალი), ყინულის გენერატორი კი ჩართულია.
     

კომპრესორის მაქსიმალურ სიჩქარეზე მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • თუ მაცივრის გვერდით სხვა ტექნიკაა განთავსებული (მაგ., ღუმელი, კონდიციონერი, კერძის მოსამზადებელი ზედაპირი), ამან შეიძლება გამოიწვიოს კორპუსის დამატებითი გახურება და კომპრესორზე დატვირთვის გაზრდა;
  • თუ მაცივარში ერთდროულად დიდი რაოდენობით პროდუქტია მოთავსებული, კომპრესორი სრული სიმძლავრით ამუშავდება, რათა მაცივრის ტემპერატურამ სწრაფად მიაღწიოს დაყენებულ მაჩვენებელს;
  • თუ მაცივრის კარები/კარებები დიდი ხნის განმავლობაში იყო გაღებული (ამის შემდეგ კომპრესორი მუშაობს სრული სიმძლავრით, რათა მაცივრის ტემპერატურამ სწრაფად მიაღწიოს დაყენებულ მაჩვენებელს);
  • თუ მაცივარს მზის პირდაპირი სხივები ეცემა, ეს იწვევს მისი კორპუსის გახურებას და კომპრესორზე დატვირთვის გაზრდას;
  • თუ ნაგებობაში, სადაც მაცივარი დგას, ტემპერატურამ მოიმატა. მაგალითად, გამათბობლის გამო;
  • თუ მაცივრის განყოფილებებში დაყენებულია მინიმალური ტემპერატურა. მაგალითად: +1°C (მაცივრის განყოფილებაში) და -23°C (საყინულის განყოფილებაში) ან ჩართულია „Power Freeze“ ან „Power Cool“ ფუნქცია;
  • მაცივრის ყინულის გალღობის შემდეგ, კომპრესორი მუშაობს სრული დატვირთვით და გაუჩერებლად, რათა მაცივრის ტემპერატურამ სწრაფად მიაღწიოს დაყენებულ მაჩვენებელ.

რა გავაკეთო, თუ მაცივარი ხმაურობს

მაცივრის მიერ გამოცემული ხმაურის შესამცირებლად, რეკომენდებულია შეასრულო ქვემოთ აღწერილი რამდენიმე მოქმედება. 

1 დარწმუნდი, რომ მაცივარი დგას თანაბარ ზედაპირზე და დატოვებულია ცარიელი სივრცე გვერდებიდან, უკნიდან და ზემოდან

შეამოწმე, როგორ დგას მაცივარი. ის გასწორებული უნდა იყოს სამშენებლო თარაზოს გამოყენებით, არ უნდა იყოს გადახრილი მარცხნივ ან მარჯვნივ. მაცივრის გარშემო უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, როგორც მითითებულია ინსტრუქციაში. ეს ხელს შეუწყობს კომპრესორის ხმაურის დონის შემცირებას, თუმცა კომპრესორის მუშაობის ხმა მთლიანად არ გაქრება.

2 დარწმუნდი, რომ მაცივარი პირდაპირ არის ჩართული როზეტში და ელექტროქსელში ძაბვა სტაბილურია.

თუ მაცივარი ელექტროქსელში დამაგრძელებლის საშუალებით არის ჩართული, რეკომენდებულია პირდაპირ როზეტში შეერთება, აგრეთვე ელექტროქსელში ძაბვის სტაბილურობის შემოწმება. ამისათვის მოიწვიე ელექტრიკოსი.

3 მაცივარში პროდუქტები თანაბრად გაანაწილე.

პროდუქტები მოათავსე ისე, რომ მათ შორის საკმარისი ადგილი იყოს. ნუ მიაყრდნობ პროდუქტებს მაცივრის უკანა კედელს და ნუ მოათავსებ ერთმანეთთან ახლოს, არ გადატვირთო მაცივრის კარის უჯრები.

ხშირად მაცივარში ხმაურის წყაროა ლითონის ან მინის კონტეინერები, რომლებიც ერთმანეთს ეხება. 

განათავსეთ საკვები მაცივარში
4 დარწმუნდი, რომ მაცივრის კარი სწორად არის დამონტაჟებული.

მაცივრიდან შეიძლება ლითონის ჟღრიალის ხმა ისმოდეს, თუ მისი კარი არასწორადაა დამონტაჟებული. თუ ახლახან მაცივრის კარის გაღების მიმართულება შეცვალე და ხმაური ამის შემდეგ გაჩნდა, სავარაუდოა, რომ კარი არასწორადაა დამონტაჟებული.

დარწმუნდი, რომ მაცივრის კარი სწორად არის დამაგრებული, ამისათვის რეკომენდებულია გამოიყენო ქვემოთ წარმოდგენილი სტატია.

5 მაცივარი სრულად გაალღვე.

მაცივრის ვენტილატორზე შესაძლოა დაგროვდა კონდენსატი, რომელიც შემდეგ ყინულად გადაიქცა.

მის გასაწმენდად, მაცივარი სრულად გაალღვე.

  1. ჩახსენი მაცივარი ელექტროქსელიდან, გამოიღე ყველა პროდუქტი და გახსენი ყველა კამერის კარი.

  2. დატოვე მაცივარი გამორთულ მდგომარეობაში მინიმუმ 24 საათის განმავლობაში. თუ მაცივარს უფრო ადრე ჩართავ, ყინული შეიძლება სრულად არ იყოს გამდნარი.

  3. გარეცხე მაცივრის ყველა კამერა თბილი საპნიანი წყლით.

  4. დახურე კარი და ჩართე მაცივარი. მაცივარი მუშაობისთვის მზად იქნება 6-8 საათში, რაც დამოკიდებულია მითითებულ ტემპერატურაზე. ტემპერატურის დაწევა დაიწყება საყინულე კამერიდან, შემდეგ მოხდება მაცივრის კამერის გაციება.

  5. მას შემდეგ, რაც მაცივარში ტემპერატურა საჭირო დონემდე დაიწევს მოათავსე მასში პროდუქტები. თუ პროდუქტებს მაცივრის ჩართვისთანავე მოათავსებ, კამერების გაციების პერიოდი გახანგრძლივდება.
6 შეამოწმე ფილტრი-დეოდორაიზერი.

ჟღრიალის ხმა შეიძლება მოდიოდეს მაცივრის განყოფილების შიგნით არსებული ფილტრი-დეოდორაიზერიდან, თუ ის ბუდეში მჭიდროდ არ არის ჩასმული.

ფილტრს მსუბუქად დააჭირე თითი და შეამოწმე, ხომ არ გაქრა ხმა. 

შეამოწმე ფილტრი-დეოდორაიზერი

მადლობა გამოხმაურებისთვის!