როგორ ხვდება ვირუსები Android მოწყობილობაში და როგორ წავშალო ისინი. საჭიროა თუ არა ანტივირუსი Android მოწყობილობაზე

ბოლო განახლების თარიღი : 14-05-2024

რა არის ვირუსი და რა ტიპის ვირუსები არსებობს

ვირუსი არის მავნე კოდის შემცველი აპლიკაცია. ის ჩვეულებრივი აპლიკაციასავით გამოიყურება, მაგრამ განსხვავებულია „შემადგენლობით“.

არსებობს ორი ტიპის ვირუსი:

1. იმიტაცია — იყენებს ცნობილი აპლიკაციის სახელწოდებას ან ლოგოტიპს, თუმცა შეიცავს მავნე კოდს. ვირუსების უმეტესობა სწორედ ასეთი ტიპისაა.

2. „ტროას ცხენი“ — ჩვეულებრივ აპლიკაციაში დამატებულია მავნე კოდი, რომელიც აპლიკაციასთან ერთად მუშაობს.

რა შეუძლია ვირუსებს

1. SIM-ბარათიდან თანხის მოპარვა: რეკავს და აგზავნის SMS შეტყობინებებს ფასიან ნომრებზე, სანამ SIM-ბარათზე ბალანსი არ ამოიწურება.

2. ინფორმაციის მოპარვა: თაღლითებს უგზავნის ინტერნეტ-ბანკის პაროლებს, საბანკო ბარათების მონაცემებს ან პერსონალურ ფაილებს, შენს კონტაქტებში არსებულ ნომრებთან შენი სახელით აგზავნის ვირუსის ბმულის შემცველ შეტყობინებებს.

3. მოწყობილობის ნორმალური მუშაობის დაბლოკვა: ეკრანზე გამოისახება Ransomware-ის ბანერი, რომელიც მოწყობილობის გამოყენების საშუალებას არ გაძლევს.

4. შენი მოწყობილობის შესაძლებლობების გამოყენება: დამალული რეკლამების ჩვენება ან კრიპტოვალუტის მაინინგი.

როგორ ხვდება ვირუსები სმარტფონზე ან პლანშეტზე

თაღლითები ნიღბავენ ვირუსებს უსაფრთხო აპლიკაციებისა და ფაილების სახით: ბრაუზერების, პლეერების, თამაშების, ნავიგაციის აპლიკაციების, წიგნების, ანტივირუსული პროგრამების სახით შემდეგ კი ავრცელებენ მათ:

1 ზრდასრულთათვის განკუთვნილ საიტებზე, ტორენტ-ტრეკერებზე ასევე ისეთ საიტებზე, სადაც განთავსებულია გატეხილი აპლიკაციები და არალიცენზირებული ფილმები.

მაგალითად, ინტერნეტში რაიმე თამაშის ან პროგრამის ძებნისას ხვდები ფორუმზე. ვიღაცამ სასურველი ბმული ან ფაილი განათავსა და მას ყველა მადობას უხდის.

სინამდვილეში კი ფორუმი და კომენტარების დამტოვებელი პირები რეალური არაა.

ან როდესაც გადადიხარ საიტზე, სადაც არალიცენზირებული ფილმები და სერიალებია განთავსებული, ჩნდება შეტყობინება. მასში წერია, რომ სმარტფონი/პლანშეტი დავირუსდა ან რომელიმე პროგრამა ძალიან მოძველებულია. ასევე ხდება ხოლმე, რომ მოწყობილობა იწყებს ვიბრირებას ან უცნაური ხმების გამოცემას.

სინამდვილეში ეს ასე არაა და მოწყობილობას ყველაფერი რიგზე აქვს.

2 SMS-ის, MMS-ის ან ელექტრონული წერილების საშუალებით

როგორც წესი, ეს არის SMS შეტყობინება, რომელიც გამოგზავნილია „გოგონას მიერ გაცნობის საიტიდან“, უფასო განცხადებების საიტიდან გამოგზავნილი შეტყობინება, წერილი „გერმანიაში მოქმედი ნოტარიუსისგან“, შეტყობინება ლატარეის მოგების შესახებ.

ფრთხილად იყავი, სასწაულები არ ხდება. უმეტეს შემთხვევაში ეს თაღლითების ნამოქმედარია.

შენიშვნა

ყველა მსგავს შეტყობინებას ერთი მიზანი აქვს - გაიძულოთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე, რათა ვირუსი მოწყობილობაზე ჩამოიტვირთოს.

როგორ აზიანებს ვირუსები სმარტფონს ან პლანშეტს

იმისათვის, რომ ვირუსმა მუშაობა დაიწყოს, საკმარისი არაა მხოლოდ მისი ჩამოტვირთვა - საჭიროა მისი დაინსტალებაც. ჩვეულებრივ ვირუსები ინახება „ჩამოტვირთული“ (Download) ფაილების საქაღალდეში და გამოიყურება, როგორც აპლიკაციის საინსტალაციო ფაილები „apk“ გაფართოებით.

ვირუსის დაინსტალების შემთხვევაში ის დაიწყებს შენს მოწყობილობაზე მუშაობას.

როგორ გავარჩიო ვირუსი ჩვეულებრივი აპლიკაციისგან

ვირუსების უმეტესობა შექმნილია არაპროფესიონალების მიერ, რომლებსაც სწრაფად და კანონთან სერიოზული პრობლემების შექმნის გარეშე სურთ ფულის გამომუშავება. ამიტომაც ამგვარი ვირუსების სტანდარტული ნიშანია შეტყობინებების გამოგზავნის და ზარების განხორციელების ნებართვის თხოვნა. როდესაც ასეთი ტიპის ვირუსი დაინსტალდება, ის შეუმჩნევლად დაიწყებს SMS შეტყობინებების გაგზავნას ან ფასიან ნომრებზე დარეკვას.

შევადაროთ ერთმანეთს ნამდვილი აპლიკაციები და ვირუსები. Android-ის ძველ ვერსიებზე აპლიკაცია ინსტალაციის წინ ნებართვას გთხოვს.

Android-ის ახალ ვერსიებზე აპლიკაცია ნებართვას უშუალოდ მუშაობის პროცესში გთხოვს.

რა თქმა უნდა, ყველა აპლიკაცია, რომელიც ზარებსა და შეტყობინებებზე წვდომის მინიჭებას გთხოვთ, ვირუსი არაა. და ყველა ვირუსი არ ითხოვს წვდომას ფასიან ფუნქციებზე.


თუ თაღლითებს შენი კამერის გამოყენება სურთ, აპლიკაცია მოგთხოვთ წვდომას კამერასა და ინტერნეტზე.
იმ შემთხვევაში, თუ მათ შენი ფაილები სჭირდებათ, წვდომას მეხსიერებასა და ინტერნეტზე მოგთხოვენ.

ეკრანის Ransomware-ის ბანერით დაბლოკვისთვის, ისინი ადმინისტრატორის ნებართვას მოგთხოვენ.
ხოლო ზოგიერთ ვირუსს ინსტალაციისთვის ნებართვაც კი არ სჭირდება.

ხარისხიანი ვირუსის აღმოჩენა რთულია - საჭიროა ან აპლიკაციის პროგრამული კოდის შემოწმება ან ვირუსის დაინსტალება მოწყობილობაზე, შემდეგ აქტივობების ჟურნალის გახსნა და მისი დეტალების გაანალიზება. საბედნიეროდ ასეთი ვირუსები იშვიათია.

შენიშვნა

თუ აპლიკაცია უცნობი საიტიდან ჩამოტვირთე და ის ფასიან ფუნქციებზე წვდომას გთხოვს, 99% შემთხვევებში ის ვირუსია.

როგორ დავიცვა სმარტფონი ან პლანშეტი ვირუსებისგან

1 დააინსტალე მხოლოდ Google Play-დან ჩამოტვირთული აპლიკაციები და ყურადღებით იყავი მათი არჩევისას

მოუმზადებელი ადამიანისთვის ვირუსის ჩვეულებრივი აპლიკაციისგან გარჩევა ძალიან რთულია. მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად Google-მა მოამზადა აპლიკაციების სპეციალური კატალოგი — Google Play.

აპლიკაციის Google Play-ზე დამატებამდე Google ამოწმებს, ხომ არ შეიცავს ის მავნე კოდს. მომხმარებლები, რომლებიც აპლიკაციას Google Play-დან იწერენ, უფრო დაცულები არიან იმ პირებთან შედარებით, რომლებიც აპლიკაციებს სხვადასხვა საიტიდან და ფორუმებიდან ტვირთავენ. მაგრამ გახსოვდეს, რომ არაფერია სრულიად უსაფრთხო. ამიტომაც ფრთხილად იყავი აპლიკაციების არჩევისას: ყურადღებით წაიკითხე ნებართვის შესახებ ინფორმაცია და შეამოწმე რეიტინგი.

2 არ გადახვიდე SMS-ში, MMS-ში ან ელექტრონულ წერილებში მოცემულ უცნობ ბმულებზე.

თაღლითებმა ელექტრონული ფოსტის მისამართის და ნომრის გაყალბებაც იციან, ამიტომ დავირუსებული ბმულის შემცველი შეტყობინება შესაძლოა ნაცნობისგან მიიღო.

3 არ განახორციელო მოწყობილობის რუტინგი და არ დააყენო არაოფიციალური პროგრამული უზრუნველყოფა

თუ მოწყობილობაზე რუტინგი განხორციელდა, ვირუსი შეიძლება სისტემის აპლიკაციებში ჩაიწეროს და ასეთ შემთხვევაში მისი წაშლა მხოლოდ მოწყობილობის სრული გადატვირთვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

4 გამორთე MMS-ების ავტომატურად მიღების ფუნქცია შენს მოწყობილობაზე

თაღლითებს შეუძლიათ MMS-ების მეშვეობით მოწყობილობაზე ვირუსების ავტომატურად ჩატვირთვა. ეს დაკავშირებულია Stagefright ბიბლიოთეკის სუსტ წერტილებთან.

MMS-ების ავტომატურად ჩატვირთვის ფუნქციის გამოსართავად აირჩიე: „შეტყობინება“„ფუნქციები“„პარამეტრები“„(დამატებითი)“„MMS“„ავტომატურად მიღება“ „(ავტომატურად ჩატვირთვა)“„გამორთვა“.

5 არ გაააქტიურო საბანკო სერვისი „ავტომატური გადახდა“ (ტელეფონის ბალანსის გარკვეულ დონემდე შემცირების შემდეგ მისი ავტომატურად შევსება)

თუ მოწყობილობაზე აღმოჩნდება ვირუსი, რომელიც გზავნის SMS შეტყობინებებს ფასიან ნომერზე, SIM-ბარათის ბალანსის შევსება მოხდება იქამდე, სანამ ბარათზე თანხა არ ამოიწურება. როგორც წესი, ამ დროს იბლოკება ამ აქტივობის შესახებ ბანკიდან მიღებული გაფრთხილების შეტყობინებები.

შენიშვნა:

ბანკიდან ან სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციებიდან შეტყობინებების მისაღებად შეიძინე ცალკე ნომერი, რომელიც არავინ იცის და ასევე გამოიყენე მარტივი ტელეფონი.

როგორ მივხვდე, რომ სმარტფონზე ან პლანშეტზე ვირუსია

არ არსებობს კონკრეტული ნიშნები, ყველაფერი ვირუსზეა დამოკიდებული. ზოგის შემჩნევა ინსტალაციის დასრულებისთანავეა შესაძლებელი (ჩნდება ბანერი და იბლოკება მოწყობილობაზე წვდომა), ხოლო ზოგი გარკვეული დროის შემდეგ ვლინდება. უმეტეს შემთხვევაში ნიშნები ასეთია:

  • SMS შეტყობინებებსა თუ ზარებზე ფიქსირდება დიდი თანხის დახარჯვა;
  • ჩნდება ბანერი, სადაც წერია, რომ მოწყობილობაზე წვდომა შეგიზღუდეს და ითხოვენ თაღლითებისთვის თანხის გადახდას;
  • ჩნდება უცნობი პროგრამები;
  • ელემენტი ძალიან სწრაფად ჯდება;
  • სწრაფად იხარჯება მობილური ინტერნეტი გაურკვეველ აპლიკაციებზე;
  • მოწყობილობის მუშაობა მნიშვნელოვნად ნელდება.

როგორ წავშალო ვირუსი, თუ მენიუში შესვლას ვახერხებ

1 მოწყობილობიდან ამოიღე SIM-ბარათი, რათა ანგარიშიდან თანხა არ ჩამოგეჭრას.
2 Wi-Fi-ს გამოყენებით Play Store-იდან ჩამოტვირთე ანტივირუსი, რომელსაც ენდობი.

შენიშვნა

ვირუსების სტრუქტურა და ანტივირუსის მუშაობის მექანიზმები ყოველდღიურად იცვლება, ამიტომ შეუძლებელია რომელიმე კონკრეტული ანტივირუსის რეკომენდირება ყურადღება მიაქციე სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებსა და უკუკავშირს. ავტორის აზრით, ნორმალური ანტივირუსებია: Eset, Kaspersky და Dr. Web.

3 შეამოწმე მოწყობილობა ანტივირუსის გამოყენებით და წაშალე აღმოჩენილი ვირუსები
4 წაშალე დაინსტალებული ანტივირუსი
5 ჩამოტვირთე სხვა ანტივირუსი და კიდევ ერთხელ შეამოწმე მოწყობილობა
6 დაათვალიერე ყველა დაინსტალებული აპლიკაცია და წაშალე შენთვის უცნობი აპლიკაციები
7 თუ წინა ვარიანტები არ დაგეხმარა, განახორციელე მოწყობილობის მონაცემების გადატვირთვა
8 თუ ვერ ახერხებ ვირუსებთან დამოუკიდებლად გამკლავებას, მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.

როგორ წავშალო ვირუსი, თუ მენიუში შესვლას ვერ ვახერხებ (Ransomware)

თუ ეკრანზე გამოჩნდა Ransomware-ის ბანერი და მოწყობილობის გამოყენების საშუალებას არ გაძლევს:

1 არ გადაურიცხო თანხა თაღლითებს - ისინი მაინც არ განბლოკავენ შენს მოწყობილობას.
2 მოწყობილობიდან ამოიღე SIM-ბარათი, რათა ანგარიშიდან თანხა არ ჩამოგეჭრას.
3 გადატვირთე მოწყობილობა უსაფრთხო რეჟიმში.
4 თუ ბანერი უსაფრთხო რეჟიმში აღარ ჩანს, გამორთე ადმინისტრატორის უფლებები ყველა აპლიკაციაში.
5 დაათვალიერე ყველა დაინსტალებული აპლიკაცია და წაშალე შენთვის უცნობი აპლიკაციები.
6 გადატვირთე მოწყობილობა. მოწყობილობა გადაიტვირთება უსაფრთხო რეჟიმში, ბანერი აღარ უნდა ჩანდეს.

თუ გადატვირთვის შემდეგ ბანერი ისევ ჩანს, გადადი მე-11 პუნქტზე.

7 Wi-Fi-ს გამოყენებით Play Store-იდან ჩამოტვირთე ანტივირუსი, რომელსაც ენდობი.

შენიშვნა:

ვირუსების სტრუქტურა და ანტივირუსის მუშაობის მექანიზმები ყოველდღიურად იცვლება, ამიტომ შეუძლებელია რომელიმე კონკრეტული ანტივირუსის რეკომენდირება ყურადღება მიაქციე სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებსა და უკუკავშირს. ავტორის აზრით, ნორმალური ანტივირუსებია: Eset, Kaspersky და Dr. Web.

8 შეამოწმე მოწყობილობა ანტივირუსის გამოყენებით და წაშალე აღმოჩენილი ვირუსები.
9 წაშალე დაინსტალებული ანტივირუსი.
10 ჩამოტვირთე სხვა ანტივირუსი და კიდევ ერთხელ შეამოწმე მოწყობილობა.
11 თუ წინა ვარიანტები არ დაგეხმარა, განახორციელე მოწყობილობის მონაცემების გადატვირთვა.
12 თუ ვერ ახერხებ ვირუსებთან დამოუკიდებლად გამკლავებას, მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.

საჭიროა თუ არა ანტივირუსი Android მოწყობილობაზე

თუ ახალი მომხმარებელი ხარ და დარწმუნებული არ ხარ საკუთარ ძალებში, საჭიროა ანტივირუსი. თუმცა გამოიყენე მხოლოდ ერთი.

თუ მომხმარებელი ფრთხილად გამოიყენებს მოწყობილობას და დაიცავს უსაფრთხოების წესებს, ანტივირუსის დაყენება აუცილებელი არაა.

მადლობა გამოხმაურებისთვის!